მაია შენგელია

воскресенье, 20 ноября 2016 г.

გზანი უფლისანი


     რამდენიმე ხნის წინ კინემატოგრაფისთა ეროვნული ცენტრი იუწყებოდა: "კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ლიტერატურატურული კონკურსი "გალა" აწესებს ახალ ნომინაციას, - "წლის საუკეთესო კინოსცენარი", - სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის." როგორც დაინტერესებული პირი, იმთავითვე ყურადღებით მოვეკიდე ამ შეტყობინებას და ფილმისათვის საინტერესო ამბის მოძიებას შევუდექი, რათა მხატვრულ სიუჟეტად გარდამექმნა. ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა საგაზეთო სტატიების მთელი წყება ერთ-ერთი ისტორიული ფაქტის შესახებ. ერთ-ერთ საჟურნალო სტატიაში ამ მასალის გამო პირდაპირვე იყო მინიშნებული: "ესაა მზა კინოსცენარი, რომლის მიხედვითაც ულამაზესი დრამის გადაღება შეიძლება" (1). მეც ბევრი აღარ მიფიქრია და სასწრაფოდ შევუდექი ამ ისტორიული ფაქტის ირგვლივ არსებული მასალის მოძიებას, რათა სცენარისათვის მეტი კონკრეტიზაცია მიმეცა. ძიებისა და მუშაობის პროცესში მივაკვლიე და ერთმანეთს დავუკავშირე ისეთი მოვლენები, რომლებივ მანამდე ერთმანეთთან კონტექსტში არავის განუხილავს. ამდენად, ჩემს მიერ შესრულებული სამუშაო გასცდა უბრალო კინოსცენარის შექმნისათვის საჭირო მასალის ფარგლებს და სერიოზული კვლევის სახე მიიღო. ვინაიდან, მოძიებული მასალა, გარდა თვით ძირითადი ამბის რომანტიკულობისა, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ მონაკვეთსაც მოიცავს, მკითხველის სამსჯავროზე გამოგვაქვს, მანამდე ცნობილი ფაქტების განსხვავებულად გააზრებული ანალიზი. ფაქტების გადმოცემის კვალდაკვალ მკითხველი დარწმუნდება სახარებისეულ ჭეშმარიტებაში, - შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი!
   ეს რომ ასეა, ნათლად ჩანს ჩვენს მიერ მოსათხრობ ისტორიამდე რამდენიმე საუკუნით ადრე მომხდარი ამბიდანაც. 1689 წელს რუსეთის ისტორიაში მოულოდნელი რამ მოხდა: მეფის "მსროლელთა" ჯარი, რომელიც მონარქის საყრდენ ძალას წარმოადგენდა და მისი დაცვა ევალებოდა, 7-8 აგვისტოს ღამით აიყარა და დედაქალაქის მახლობლად მდებარე სოფელში მყოფი ხელმწიფის მოსაკლავად გაემართა. მეფე გადარჩა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ წინა ღამით მსროლელებთან მივიდა მისი ნახევარდა და ამცნო, რომ რუსეთის ტახტზე ავიდა არა მამამისის, მეფე ალექსის კანონიერი შვილი, არამედ ქართველი ბატონიშვილის და მეფე ალექსის მეორე ცოლის უკანონო ძე. მეფის ასულისათვის რუსეთის ტახტის ხელში ჩასაგდებად აუცილებელი იყო ძმის თავიდან მოცილება, რადგან სანამ ვაჟი მემკვიდრე ცოცხალი იყო, ქალი ტახტზე ვერ ავიდოდა. ამიტომაც ქალმა გაამჟღავნა რომანოვების სახლის საიდუმლო. ეს ცნობა თვით რუსულ წყაროებშია დაცული (2). რომ არა უფლის ნება, სად ქართველი ბატონიშვილი და სად რუსეთის იმპერიის ტახტი?! მაგრამ ისევ და ისევ, შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი...
   მეფე ალექსი რომანოვი დაქორწინებული იყო მარია მილოსლავსკაიაზე. მათ 5 ვაჟი და 6 ქალიშვილი ჰყავდათ. ხუთივე ძე ავადმყოფი იყო და ეს ავადმყოფობა, სჩანს მემკვიდრეობით ხასიათს ატარებდა. ალექსის მამაც, პირველი რომანოვი ხელმწიფე, - მიხელილი, ასევე ავადმყოფი გახლდათ. ავადმყოფობა გონებრივ სისუსტესა და გადაადგილების შეზღუდულობაში გამოიხატებოდა. თავად ალექსი კარგი პიროვნება იყო, მაგრამ 40 წლის ასაკში ერთბიშად მოტყდა და მოხუცებულს დაემსგავსა. რუსეთის სამეფო სახლი უიმედო მდგომარეობაში ჩავარდა.                              
    არტამონ მატვეევის (დავიმახსოვროთ ეს გვარი!) ოჯახში იზრდებოდა. თავადი ხელს უწყობდა ახალგაზრდების დაახლოებას და მათი ურთიერთობა არავისთვის არ წარმოადგენდა საიდუბლოებას. მოსალოდნელი იყო, რომ ეს ურთიერთობა ქორწინებითაც დასრულდებოდა. (5)
    ქართველ ბატობიშვილში, რომელივ რუსეთის დიდი იმპერატორის, პეტრე I მამად მოიაზრება (სწორედ მის წარმოშობაზე ვსაუბრობთ), იგულისხმება თეიმურაზ I ვაჟის, დავითის შვილი, ერეკლე I ნაზარალი-ხანი (ჯერ ქართლის, შემდეგ კახეთის მეფე, რომელიც ტახტზე სპარსეთის შაჰის დახმარებით ავიდა, თეიმურაზ II მამა და ერეკლე II პაპა). თეიმურაზ I შვილიშვილი ერეკლე რუსეთის სამეფო კარზე ჯერ კიდევ 1652 წელს გაგზავნა, სადაც მან 20 წელი გაატარა (3). იგი ახლოს იყო მეფე ალექსი მიხეილის ძესთან და რუსულ არისტოკრატიასთან, დიდი პოპულარობით სარგებლობდა  რუს ქალბატონებს შორის. მის შესახებ გრ. კოტოშიხინი წერს" როცა საქართველოს ბატონიშვილი თავის დედასთან ერთად მოსკოვში იმყოფება, მას ისეთსავე პატივს სცემენ, როგორც მეფის ნამდვილ შვილს; მას, დედამისს, მის ხალხს ყველაფერი მეფური აქვთ - ტანსაცმელიც, საცხოვრებელიც, სასმელ-საჭმელიც." პოლონელი მოგზაურის, ი. რეიტენფელსის სიტყვით კი ერეკლეს კრემლის მიმდებარედ, "კიტაიგოროდში უბრწყინვალესი სახლი" ჰქონია. იგი გადმოგვცემს: "ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ მას მოსკოვში, სადაც იგი კერძო პირივით ცხოვრობდა დედასთან, უკეთილშობილეს და უჭკვიანეს ქალთან ერთად. მის ღირსეულ ვაჟს აქვს მეფური გარეგნობა და სული, სრულიად შეულახავი თავისი უბედური ხვედრით. საზეიმო გამოსვლების დროს ის მეორეა მეფის შემდეგ. ხელმწიფე ყოველწლიურად ბრწყინვალე ჯამაგირს აძლევს მას" (4). ერეკლემ გაიცნო ნატალია ნარიშკინა, რომელიც თავისი ნათესავის, თავად
    1669 წელს გარდაიცვალა მეფე ალექსის მეუღლე. სამეფო ტახტზე ასაყვანად რუსეთს ჯანმრთელი მემკვიდრე არ ჰყავდა, ამიტომ ალექსი იძულებული იყო მეორედ დაქორწინებულიყო. საეჭვო იყო, რომ მას ჯანმრთელი შვილების გაჩენა შესძლებოდა, ამიტომ დიდგვაროვნებმა ნარიშკინა გააცნეს, რომლის ურთიერთობა ნიკოლოზ ბატონიშვილთან (ასე მიმართავდნენ ერეკლეს რუსები) ყველასათვის ცნობილი იყო. იმ მომენტისათვის სამეფო კარს ხელს აძლევდა ეს კავშირი. მეფის ქორწილში ბატონიშვილი ერეკლე "ტისიაცკატ" (ჯვარისმამად, მესტუმრედ) იყო მიწვეული. მას ევალებოდა სტუმრების მიღება, მეფე-დედოფლის თანხლება, ფულის გადახდა და სხვ. (6). (დაიმახსოვრე ეს ფაქტი მკითხველო! სამეფო პერსონისათვის საყვარელი ქალის დათმობის ფაქტს კიდევ შევეხებით ამ ისტორიაში!!)
    მეფე ალექსიმ და ნატალია ნარიშკინამ იქორწინეს 1671 წლის 22 იანვარს, პეტრე კი დაიბადა 1672 წლის 30 მაისს, ე. ი. არა 9, არამედ 4 თვის შემდეგ სამეფო წყვილის ქორწინებიდან. რადგან ალექსის პირველი მეუღლე 1669 წელს გარდაიცვალა და მართლმადიდებლური გლოვის წესი ერთწლიან პერიოდს მაინც მოიცავდა, საეჭვოა, რომ მეფეს ნარიშკინასთან რაიმე ურთიერთობა ქონოდა ქორწინებამდე. ამას ადასტურებს ის ცნობაც, რომ მიუხედავად მეფისადმი მოკრძალებისა (მატვეევი არ ეკუთვნოდა წარჩინებულ გვარეულობას და უფრთხილდებოდა მეფესთან კავშირს), მატვეევმა მოითხოვა, რომ მეფეს დაეცვა მოსკოვის სახელმწიფოში არსებული სადედოფლოს არჩევის წესი (ეს წესი ბიზანტიიდან მომდინარეობდა), რასაც მეფე დათანხმდა. ამ მიზნით, 1669 წელს მოსკოვის კრემლის სასახლის ექვს დარბაზში ჩასახლდა სამოცდაათამდე ულამაზესი ქალიშვილი. დღისით სასახლეში ერთფეროვანი ცხოვრება სუფევდა, სამაგიეროდ ღამით დარბაზი ხალხით ივსებოდა, ალექსი მეფე და მისი პირადი ექიმი ქალიშვილებს ათვალიერებდნენ, დღისით კი გოგონებს სეფე-ქალები სინჯავდნენ.  დათვალიერებაში მონაწილეობა ქალიშვილისათვის პატივად ითვლებოდა და შემდგომში ისინი წარმატებით თხოვდებოდნენ. ალექსიმ პირველი მეუღლე (მილოსლავსკაია) 200 ქალიშვილში ამოარჩია. ამჯერად დათვალიერებას ფორმალური ხასიათი ჰქონდა. 1670 წლის მაისში მეფის საცოლედ ნატალია ნარიშკინა გამოცხადდა. (7). შესაძლოა მატვეევს გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა, რომ მეფე სხვა ქალიშვილს აირჩევდა და მისი აღზრდილი და ნიკოლოზ ბატონიშვილი დაქორწინდებოდნენ. მაგრამ ახალგაზრდების კავშირი, უკვე დასახელებული მიზეზების გამო, სამეფო კარს ხელს აძლევდა და მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში პეტრეს გარდა ნარიშკინასთან ალექსის კიდევ ორი ქალიშვილი შეეძინა, იგი ფოზიკურად უკვე ძალზე მოტეხილი იყო და ქორწინებიდან მეექვსე წელს გარდაიცვალა კიდეც. (8). ამდენად, სამეფო კარის შეშფოთება იმ მომენტისათვის უსაფუძვლო არ იყო.
    შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ერეკლეს დედა, დედოფალი ელენე თუმცა პატივით იყო მიღებული მარია დედოფლის (მილოსლავსკაია) კარზე, ნატალია ნარიშკინას ორმოცდაოთხ სეფე-ქალს შორის უპირველესი იყო, - "საქართველოს დედოფალი ელენე ლეონტის ასული". (9).
    ერეკლე ბატონიშვილი პეტრეს ნათლობის ზეიმზეც, 1672 წლის ივნისში, გამორჩეული იყო, მაგრამ ეტყობა ერეკლესა და ნარიშკინას შორის რომანი უფლისწულის დაბადების შემდეგაც გაგრძელდა, რამაც აღაშფოთა რუსეთის დიდგვაროვნები. 1674 წლის თებერვალში ერეკლე რუსეთიდან ცივად გამოისტუმრეს. (10). პრისტავ ივანე ტელეპნევს და დიაკს ბოგდან ეფიმოვს ებრძანათ გაეცილებინათ უფლისწული მხოლოდ ყაზანამდე, ხოლო ყაზანიდან ასტრახანამდე უნდა გაჰყოლოდა ყაზანელი აზნაური. ასე აცილებდნენ უმნიშვნელო დიპლომატიურ შიკრიკს. ამით გაწყდა თითქმის ნათესაური კავშირი მეფე ალექსისა და ერეკლე ბატონიშვილს შორის და იგი აღარც განახლებულა, თუ არ ჩავთვლით ერთმანეთისადმი მიწერილ რამდენიმე წერილს. მართალია, ერეკლესადმი ასეთი მოქცევის საბაბად მოჩანს ქართლის ტახტის დასაკავებლად მისი ირანის შახისაკენ გადახრა, მაგრამ ეს გადახრა თვით რუსეთის ხელმწიფის უმოქმედობით იყო გამოწვეული და ამას გარდა, თუ ქართლის ტახტზე მისი აღზრდილი და ერთგული კაცი ავიდოდა, ალექსი კმაყოფილიც კი უნდა ყოფილიყო ამით და რუსული სამეფო კარის გულისწყრომა ამ საბაბით ვერაფრით ვერ აიხსნება. (11).
    აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა მოსკოვის ერთ-ერთ არქივში მიაკვლია ნარიშკინასა და ერეკლეს მიმოწერას, სადაც იგი პეტრეს მათ შვილად მოიხსენიებს. დღეს ამ მიმოწერის ბედი უცნობია. (12).                                   
      
არავინ იცის, იცოდა თუ არა პეტრემ საკუთარი წარმომავლობის საიდუმლო. იგი საქართველოსადმი ყურადღებით არ გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით მეფე არჩილის ძის, ბატონიშვილ ალექსანდრესადმი მის განსაკუთრებულ სიყვარულს. ალექსანდრემ ორგანიზება გაუკეთა და ჩამოაყალიბა რუსეთში საარტილერიო საქმე. შვედებთან ომში ტყვედჩავარდნილი, პეტრემ იგი დიდძალი თანხის სანაცვლოდ გამოისყიდა.
      ალექსანდრე ტყვედ ჩავარდა რუსეთის არმიის მთელ გენერალიტეტთან ერთად, სულ 79 გენერალი და ოფიცერი. მათი განთავისუფლების საქმე წლობით გაჭიანურდა და მხოლოდ 1710 წელს დასრულდა. ქართველმა ბატონიშვილმა ვერ გაუძლო ჰავას და ტყვეობას და მძიმედ დაავადდა. უკვე რუსეთში მომავალი 1711 წელს გარდაიცვალა 38 წლისა. მამამისმა, არჩილმა მოსკოვში ჩამოასვენა და დონის მონასტერში დაკრძალა. (13). შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი!                            
     პირიქით, პეტრე ღალატობდა კიდეც ქართველ მეფეებს. მაგრამ თუნდაც უკვე
ნახსენები "მსროლელთა ჯარის ამბოხის"  შემდეგ, შეუძლებელია პეტრე არ დაინტერესებულიყო საკუთარი წარმომავლობს საკითხით. მით უმეტეს, რომ დედამისის აღმზრდელი პოლკოვნიკი არტამონ მატვეევი, სწორედ მოსკოვის "მსროლელთა" უფროსი იყო მეფე ალექსის დროს (14) და შესაძლოა მასთან დაახლოებულ სამხედრო პირებს სცოდნოდათ კიდეც ამის თაობაზე სიმართლე. არსებობს ერთი ირიბი ცნობაც ამ საკითხთან დაკავშირებით. პეტრეს წინააღმდეგ შეთქმული ბოიარების გასამართლების დროს პერტემ წარმოთქვა სიტყვა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ძირძველი სამეფო დინასტიის წარმომადგენელი იყო. ცხადია, რომანოვების დინასტიას ვერ იგულისხმებდა, რადგან რომანოვები სამეფო ტახტზე მხოლოდ 1613 წელს ავიდნენ. საფიქრებელია, რომ პეტრეს თავისი ნამდვილი მშობლის დინასტია ჰქონდა მხედველობაში. (15). ამას გარდა თვით ნატალია ნარიშკინა ხშირად იმეორებდა პეტრეს მისამართით: - " ის არ შეიძლება მეფე იყოს!". ამ ვარაუდს ადასტურებს  პეტრეს ნახევარდა სოფიოს უნდობლობაც, რასაც ის ხაზგასმით გამოთქვამს მისი გამეფების საკითხთან დაკავშირებით  თავად გოლიცინისადმი მიწერილ წერილში: -  არ შეიძლებს ტახტი ვანდოთ "ბუსურმანს" (ანუ უცხოტომელს). საყურადღებოა, რომ როცა პეტრეს ქართვე პრინცესაზე დაქორწინება შესთავაზეს, მან მკაცრად განაცხადა: "მე მოგვარეზე არ ვიქორწინებ!"
  
სხვა ვარაუდით პეტრე შესაძლოა იმერეთის მეფე არჩილ II შვილი ყოფილიყო, რომელიც სპარსეთის მიერ განდევნილი და მოსკოვს ჩასული დიდებულებმა დაარწმუნეს, რომ საღვთო საქმისა გამო უნდა სწვეოდა დედოფლის სანთიობოს. საოცარია პეტრეს და არჩილის ფიზიკური მსგავსება (თუმცა არანაკლები მსგავსებაა პეტრესა და ერეკლეს შორის!), უკვე აღნიშნული განსაკუთრებული სიყვარული არჩილის მემკვიდრის ალექსანდრესადმი, შვედების დამარცხების შემდეგ პეტრეს მიერ არჩილის ქალიშვილთან დარიასთან (დარეჯანთან) სტუმრობა სვესვიატასკოეში და დიდი წვეულების გადახა გამარჯვების აღსანიშნავად. იგი რატომღაც პირველ რიგში დარიას ესტუმრა. ამ ეჭვს ამძაფრებს არჩილ მეფის მიერ ნარიშკინასადმი მიწერილ წერილში პატარა პეტრეს შემდეგი სიტყვებით მოკითხვა: - "როგორ არის ჩვენი პატარა ანცი?"
    გარდა უკვე აღნიშნულისა, რუსი ისტორიკოსები მიუთითებენ იმ ფაქტზეც, რომ პეტრემ ვახტანგ VI შეგნებულად ჯერ წააქეზა სპარსეთთან საომრად და მერე მიატოვა, რათა ქართული სახელმწიფო დაკნინებულიყო და თავად იოლად დაეკავებინა ქართლის ტახტი. ვახტანგიც საოცარი და უცნაური სიჯიუტით უცდიდა პეტრეს, მაშინ  როცა შეეძლო შეჭრილიყო ირანში და საქართველოს ისტორიის მანძილზე პირველად ქართველ მეფეს დაეპყრო შაჰის ტახტი. ამის მაგივრად ის პეტრეს ელოდა, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ ქართველები არა თუ დამარცხდნენ, ვახტანგი იძულებული გახდა ქვეყნიდან გადახვეწილიყო. ის აზრი, რომ პეტრე საკუთარ თავს განიხილავდა ქართლის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ, იქიდანაც დასტურდება, რომ როცა არჩილმა მემკვიდრე ალექსანდრეს დაღუპვის შემდეგ მიმართა პეტრეს, რომ ნება დაერთო მისი ქალიშვილისათვის დაქორწინებულიყო წარჩინებულ თავადზე და ქალის ხაზით გაგრძელებულიყო ბაგრატიონთა ეს შტო, პეტრემ კატეგორიული უარი განუცხადა.
   არსებობდა სხვა მოსაზრებებიც პეტრეს ნამდვილ მშობლებთან დაკავშირებით, მაგრამ ქართული თეორია ყველაზე უფრო გამართული და საფუძვლიანი მოსჩანს. ქართულ წარმომავლობასთან დაკავშირებით ცნობები ვრცელდება თვით რუსული წყაროების მიხედვით. კერძოდ, საყურადღებო ფაქტად სახელდება მწერალ ალექსეი ტოლსტოის მიერ თავის რომანზე "პეტრე პირველი" მუშაობის დროს, არქივებში აღმოჩენილი მასალები, რომლებიც უარყოფთდნენ პეტრეს რუსულ წარმომავლობას და რომლეთა შესახებ მწერალმა სასწრაფოდ აცნობა იოსებ სტალინს. ამ უკანასკნელმა მწერალს დუმილი უბრძანა და წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: "დავუტოვოთ მათ თუნდაც ერთი რუსი, რომლითაც შეუძლიათ იამაყონ!" აღნიშნული საბუთები მოგვიანებით უკვალოდ გაქრნენ.
   რა საბუთი იყო ის, რაზედაც მიანიშნებდა ტოლსტოი?! რუსი მკვლევარების აზრით ეს იყო დარია (დარეჯან) არჩილის ასულის თავისი ბიძაშვილისადმი სამეგრელოს მთავარ დადიანის (დავიმახსოვროთ ეს სახელი!) ქალიშვილისადმი მიწერილი წერილი. კერძოდ, წერილში მოთხრობილი იყო წინასწარმეტყველების შესახებ, რომელიც დარეჯანს დედოფალისაგან, დედამისისაგან გაეგონა (სიტყვასიტყვით ): "მე დედაჩემმა მიამბო ვიღაც მატვეევზე (გაიხსენე მკითხველო ეს გვარი!), რომელმაც იხილა წმინდა გიორგის გამოცხადება და უთხრა მას: შენ რჩეული ხარ რათა მეფეს აცნობო, რომ მოსკოვში დაიბადება "მეფეთა მეფე", რომელიც მას აქცევს დიდ იმპერიად.ის უნდა დაიბადოს დავითის იმავე მუხლისაგან, საიდანაც არიან ბაგრატიდები, მოსული მართმადიდებელი ივერიის მეფისა და კირილე ნარიშკინის სუფთა გულის ქალიშვილისაგან. ამ ბრძანების უარყოფის შემთხვევაში იქნეს დიდი წარღვნა. ნება უფლისა ნებავე არს."(16)
    მიუხედავად ორივე ვერსიის სასარგებლოდ არსებული ფაქტებისა, სამართიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არჩილი ვერ იქნებოდა პეტრეს მამა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი მოსკოვში მხოლოდ 1681 წელს ჩავიდა, პეტრე კი უკვე დაბადებული იყო. ამრიგად, ქართული ვერსიებიდან, პეტრეს მამობაზე პრედენდენტად მხოლოდ ერეკლე I გვევლინება. ხოლო ის ფაქტი, რომ პეტრე და მისი დები სხვა მამის შვილები არიან, დასტურდება იმით, რომ ალექსის პირველ ცოლთან შეძენილი ყველა შვილი ჭკუასუსტი იყო , უმრავლესობა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, ხოლო გადარჩენილი ქალიშვილები არ გათხოვილან. მაშინ, როცა პეტრეს სიცოცხლის ბოლომდე საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა თავის ნამდვილ დებთან.
    ამდენად, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი საქართველოს სისხლი და ხორცი განაგებდა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი იმპერიის ტახტს, იმპერიისა, რომელიც მომავალში მთელი 200 წლით დაიმონებდა მისი მშობელი მამის სამშობლოს; ხოლო რესტავრირებული სახით აღორძინების შემდეგ, მის სათავეში კვლავ სისხლისმიერი ქართველი, იოსებ (სოსო) ჯუღაშვილი (სტალინი) მოვიდოდა და სასტიკად გაუსწორდებოდა  მშობელ ხალხს უცხო ერის განსადიდებლად, "კავის რუსეთს ბირთვულ სახელმწიფოდ გადააქცევდა". ჭეშმარიტად, შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი!!
    
დავუბრუნდეთ ამბავს, რომელზეც წინა წერილში მოგახსენებდით და რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო: 1881 წელს საქართველოში უნგრელი მხატვარი (რომანოვების კარის მხატვარი) მიხაი ზიჩი იმყოფებოდა. იგი ხშირად სტუმრობდა ბაბალე ჩოლოყაშვილი-ბარათაშვილისას, სადაც იკრიბებოდნენ პოეტები, მხატვრები, მწერლები. მასპინძელი გატაცებული იყო შოთა რუსთაველის ქნილებით და ეხმარებოდა საზოგადოებას პოეტის ძეგლის დადგმისა და პოემის თარგმნისათვის თანხების შეგროვებაში. სწორედ მას დაებადა აზრი "ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი სურათების დადგმის შესახებ. ბაბალემ თხოვა მხარვარს გაეკეთებინა ესკიზები ამ სურათების მიხედვით. ზიჩი ძმას წერდა: "ბაბალე ბარათოვამ მომმართა თხოვნით, დამედგა ცოცხალი სურათები შოთა რუსთაველის უძველესი ქართული ქმნილების "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით. წარმოდგენამ დიდი წარმატებით ჩაიარა. აპლოდისმენტებს ბოლო არ ჰქონდა". (17) ამ წარმოდგენაში მონაწილეობას ღებულობდა ქართველი თავად-აზნაურობის საუკეთესო ნაწილი. ცოცხალი სურათები ჯერ თბილისში, მერე კი ქუთაისში იქნა ნაჩვენები. სწორედ ცოცხალი სურათების ქუთაისში წარმოდგენის დროს ნახა (გადმოცემის თანახმად) თავად ტარიელ ალექსანდრეს ძე დადიანის უმშვენიერესი მეუღლე, აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანისა (იგი ნესტან-დარეჯანს განასახიერებდა) პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა, რომელსაც ქუთაისში შამპანურის ქარხანა ჰქონდა და ძმასთან ალექსანდრესთან ერთად გაგრის საკურორტო ზონისა და რკინიგზის მშენებლობითაც იყო დაკავებული.
        კონსტანტინე ოლდენბურგს ნახვისთანავე გულში ჩაუვარდა აგრაფინას სიყვარული, მაგრამ ქალი გათხოვილი იყო. პრინცი დადიანს ეახლა და ქალის დათმობაში (ზოგი ვერსიით ერთი ღამით დათმობაში), 1 000 000 რუბლი შეალია ოქროთი. იმ დროისათვის ეს თითქმის მილიარდს უდრიდა. დადიანმა ქალი დათმო. ხალხში სწრაფად გავრცელდა  (სავარაუდოდ აკაკი წერეთლის) კალამბური: "აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო"... ქმართან საქმის მოგვარების შემდეგ, პრინცი აგრაფინას ეახლა და განუცხადა, რომ ამიერიდან მისი საკუთრება იყო. ამ გარიგებით აღშფოთებულმა ქალმა უპასუხა, - ვისაც ფული გადაუხადე, სურვილიც იმან აგისრულოსო. ქალის თამამი ქცევით მოხიბლულმა პრინცმა იკითხა, თუ რა უნდა მოემოქმედნა ისეთი, რომ მანდსილოსნის ყურადღება დაემსახურებინა. აგრაფინამ ითხოვა ისეთი სასახლის აშენება თბილისში, რომლის მსგავსი და ბადალიც  მთელს ამიერკავკასიაში არ იქნებოდა. ეტყობა ქალი დარწმუნებული იყო, რომ უახლოეს პერიოდში ამ მოთხოვნის შესრულება იოლი არ იყო. მაგრამ პრინცი ოლდენბურგი უმდიდრესი ადამიანი იყო. მან სასწრაფოდ შეიძინა ავსტრიის ქვეშევრდომი ფრანც ტიტელის ქალიშვილისაგან მშენებარე სასახლე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც არქიტექტორ პოლ შტერნის ხელმძღვანელობით შენდებოდა. შემდგომში პროექტმა სახეცვლილება განიცადა. შენობას საბოლოო სახე 1895 წელს მიეცა (ამ დროისათვის აგრაფინასა და ოლდენბურგს უკვე სამი შვილი ჰყავდათ. (18)). სასახლის გახსნაზე მოწვეული სტუმრები სამოსის კალთებს იკაპიწებდნენ, რადგან შენობაში შესვლისას იატაკზე დაგებული ბროლისა და განათების საშუალებით, მოლივლივე წყლის ეფექტი იქმნებოდა. მანამდე შეყვარებული წყვილი უკვე აგებულ "სიყვარულის კოშკში" ხვდებოდა ერთმანეთს. ეს კოშკი მოგვიანებით სასახლის ორგანული ნაწილი გასდა. (19) აგრაფინასა და დადიანის გაყრის პროცესი სწრაფად განხორციელდა და უკვე 1882 წლის დეკემბერში აგრაფინა პრინცს გაჰყვა ცოლად. მაგრამ რადგან მათი ქორწინება მარგანენტული (ანუ წოდებრივად არათანაბარი პირების) იყო, ხოლო რუსეთის იმპერიაში ოფიციალურად არსებობდა ასეთი ქორწინების საწინააღმდეგო კანონი, პრინცის მამამ, დიდმა ჰერცოგმა პეტრე ოლდენბურგმა აგრაფინას და მთელს მის შთამომავლობას უბოძა გრაფ ზარნეკაუს ტიტული, იმავე სახელწოდების მიწების მიხედვით, რომელთა მფლობელებიც ისინი ხდებოდნენ. ამრიგად აგრაფინას შვილები იწოდებოდნენ არა პრინც და პრინცესა ოლდენბურგად, არამედ გრაფ და გრაფინია ზარნეკაუდ. (20) 1905 წლის რუსეთი რევოლუციის შემდეგ ოლდენბურგ-ზარნეკაუს ოჯახი დაიქსაქსა. 1906 წელს პრინცი მოულოდნელად ნიცაში გარდაიცვალა. ქონება და სასახლე ბოლშევიკებმა ჩამოართვეს, ხოლო  აგრაფინა 1927 წელს ქუთაისში გარდაიცვალა უკიდურეს სიღატაკეში. ქუჩაში გამოსულ გაუბედურებულ ქალს ბავშვები კიჟინით დასდევდნენ: - "გრაფინია ზარნეკა-უ-უ! გრაფინია ზარნეკა-უ-უ!" (21) შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი...
     ეს გახლავთ ის ისტორია, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. ახლა კი იმაზე ვისაუბროთ, რისი გამორკვევა და ჩვენის აზრით, ერთმანეთთან დაკავშირებაც მოვახერხეთ...
     ამ ისტორიის მოსმენისას რამდენიმე შეკითხვა გაგვიჩნდა. პირველი მათგანი მთავარ პერსონაჟებს შეეხებათ, - ვინ არიან ისინი?
    როგოც აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანის შორეული ნათესავი დევი ივანოვ-ჩიქოვანი გადმოგვცემს: "ქალბატონი აგრაფინა იყო თავადის ქალი, ჯაფარიძე. ჯაფარიძეების ერთი შტო თავადები არიან. შემდეგ ის ცოლად გაჰყვა თავად დადიანს და მიიღო ტიტული - კნეგინია დადიანი-ჯაფარიძე. უზომოდ ლამაზი ქალი ყოფილა, კოხტა და თან საოცრად მხიარული. ზედმიწევნით მხიარული ყოფილა, რაც იმ დროის ქალებისთვისაც უცნაური იყო, რადგან ისინი უფრო თავშეკავებულნი და მორიდებულები იყვნენ. ის ძირითადად ქუთაისსა და ზუგდიდში ცხოვრობდა. ზუგდიდი საკმაოდ სერიოზული ცენტრი იყო, იქ იყო სასახლე, ზღვისპირეთში დიდი მშენებლობები მიმდინარეობდა და ბევრი მაშინდელი ბიზნესმენი ჩადიოდა. ქუთაისში კი იკრიბებოდა მაღალი საზოგადოება." (22) აგრაფინას კიდევ ერთი ნათსავის, მსახიობ გია ჯაფარიძის ცნობით: მის ბაბუას, კონსტანტინე ჯაფარიძეს "დედაც ჯაფარიძე ჰყავდა და მამაც. მისი დეიდა - აგრაფინა ულამაზესი და ხალისიანი ქალი ყოფილა. აკაკი წერეთელმა თურმე "აგრაფინა კისკისა" დაარქვა. გალექსილიც იყო: "აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო", რასაც აგრაფინას პასუხი მოჰყვებოდა: "დადიანი და პრინციო, ორივე კარგად ვიციო".  აგრაფინა გახლდათ რაჭველი თავადის ქალი სოფელ ველთეთიდან. ბაბუა ჯარში რომ მიჰყავდათ, იმხანად აგრაფინა ქუთაისელი დადიანის მეუღლე ყოფილა, დიდი გავლენა ჰქონია და მისი წყალობით ბაბუა ელიტარულ ნაწილში გაუშვიათ. დღეს ველთეთელი ჯაფარიძეები, აგრაფინას პირდაპირი ჩამომავლები მამის მხრიდან, გარდაბანში ცხოვრობენ. ერთი, სხვათა შორის, დეპუტატიც იყო, მეორე - მერი." (23) მაგრამ ამით არ სრულდება ცნობები აგრაფინას თაობაზე. მისი მეუღლის, ტარიელ დადიანის შესახებ ცნობებიც მეტად საინტერესო ინფორმაციას შეიცავენ თვით ამ ქალბატონის შესახებ.
    
   მაშ ასე, ტარიელ ალექსანდრეს ძე დადიანისათვის, კაცისათვის, რომელმაც ულამაზესი მეუღლე 1 000 000 ოქროდ დათმო, აგრაფინა მეორე მეუღლე გახლდათ. პირველი ცოლი სოფიო ლეონის ასული შერვაშიძე, გენერალ პროკოფი შერვაშიძის და იყო, რომელიც ნაადრევად გარდაიცვალა და დადიანმა 14 წლის აგრაფინაზე მეორედ იქორწინა. ქმართან გაყრის მომენტისათვის აგრაფინა მხოლოდ 26 წლის იყო. დადიანთან გაყრისა და პრინც ოლდენბურგზე ქორწინების მერეც, მისი გერები და შვილები დადიანისაგან, ოლდენბურგების სახლში ხშირი სტუმრები იყვნენ, მათ შორის დედა-შვილური ურთიერთობა არც შემდეგ გაწყვეტილა. მათთან სტუმრობდნენ გენერალ შერვაშიძის ქალიშვილებიც მარიამ-მერი (რუსეთის დედოფლის ფრეილინა, გალაკტიონის ცნობილი ლექსის ადრესატი) და თამარი (ამ უკანასკნელზე, ცნობილ მოდელზე, უკვე ემოგრაციაში ყოფნის დროს იქორწინა აგრაფინასა და ოლდენბურგის ერთ-ერთმა ვაჟმა.), მოდიოდნენ თავადი ერისთავებიც. (24) ამრიგად, შემთხვევითი არ არის, რომ ტარიელთან გაყრის შემდეგაც კი აგრაფინას უფლება მიეცა ეტარებინა დადიანების ტიტული და ესარგებლა მათი გერბით, ამიტომაც უნდა იყოს იგი გამოსახული თბილისის სასახლის ფასადზე. გარდა ამისა, ოლდენბურგები უმდიდრესი სამეფო კარის წარმომადგენლები იყვნენ და შესაძლოა, დადიანებს სურდათ მომავალში გარკვეული ქონებრივი პრეტენზიები შეენარჩუნებინათ, აგრაფინას ხომ შვილები ტარიელისგანაც ჰყავდა. ამ აზრს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მოგვიანებით თბილისის ოლდენბურგების სასახლე დადიანების რეზიდენცია იყო და აქ ცხოვრობდნენ ჯერ სამეგრელოს მთავრის მემკვიდრე, ეკატერინე ჭავჭავაძის უმცროსი ვაჟი, ცნობილი მოჭადრაკე ანდრია დადიანი (25), შემდეგ კი პრინცი მიურატი, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა ციციშვილის ულამაზესი ქალი, რომელიც მოპირდაპირედ მდებარე მოზაიკიან სახლში ცხოვრობდა. ისინი სასახლის ეზოში საიდუმლოდ შეხვედრიან ერთმანეთს და ეზოში ამჟამად მდებარე ფანჩატურიც მათი სიყვარულის ნიშნად აუშენებიათ. იმასაც ამბობენ, ამ ეზოდან ციციშვილის სახლამდე საიდუმლო გვირაბი იყო გათხრილიო..." (26) და მიუხედავად ამ საკმაოდ დამაჯერებელი ვარაუდისა, ჩვენს მიერ ქვემოთ მოყვანილი ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ თბილისის სასახლის ფასადზე დადიანების გერბის დაფიქსირებას უფრო მნიშვნელოვანი საფუძველი გააჩნია და ეს აქტი ერთგვარი მადლიერების გამომხატველი უნდა იყოს დადიანების (ჩიქოვანების) მიმართ.
     მაინც, რამ აიძულა ქართველი წარჩინებული თავადი თუნდაც მილიონად დაეთმო
ცოლი? ამ შეკითხვაზე პასუხის რამდენიმე ვერსია არსებობს: ზოგის მოსაზრებით თავადმა ცდუნებას ვერ გაუძლო, ზოგი ვერსიით ქაღალდში წააგო, ზოგი ვარაუდით კი დიდი ვალი დაედო... (27) ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ გავცემთ, თუ ზოგიერთ დეტალს არ გავითვალისწინებთ და არ გავაანალიზებთ, კერძოდ:
    მეტად უცნაურად მოჩანს, რომ პრინცი ოლდენბურგი აგრაფინას მანამდე არ იცნობდა, მით უმეტეს, რომ ზუგდიდი სერიოზული ცენტრი იყო, ზღვისპირეთში მშენებლობები მიმდინარეობდა, ბევრი ბიზნესმენი ჩადიოდა ამ ქალაქში. დადიანები კი ძირითადად ზუგდიდსა და ქუთაისში ცხოვრობდნენ. პრინცი ოლდენბურგები კი საკურორტო საქმითა და რკინიგზის გაყვანით იყვნენ დაკავებულნი. ხოლო კონსტანტინე ოლდენბურგს ქუთაისში შამპანურის ქარხანა ქონდა და მისი ქარხნების მოურავი სხვა არავინ, თუ არა აგრაფინას ღვიძლი ძმა იყო. (28) თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ცნობიდა არ ჩანს აგრაფინას ძმა პრინცისა და აგრაფინას ქორწინების შემდეგ გახდა პრინცის ქარხნების მოურავი, თუ მანამდეც მსახურობდა მასთან?!
     უცნაურია ისიც, რომ აგრაფინასა და დადიანის ქალიშვილი ნინო, ისევე როგოც აგრაფინა, მცირეწლოვანი გაათხოვეს ზუგდიდი პოლიციის შეფის ვაჟზე, დადიანზე. საყოველთაოდ ცნობილია,რომ საქართველოში მეექვსე მუხლის ნათესავებს შორის, ანუ ერთი გვარის პირთა შორის ქორწინება მიღებული არ არის. რატომ მიათხოვეს დადიანი დადიანს? (ამ დროისათვის "დადიანი" უკვე გვარადაა ჩამოყალიბებული.) იყო კი ბავშვი დადიანი?! შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი...
      ის ფაქტი, რომ დადიანი თუნდაც მილიონის საფასურად იოლად არ დათანხმებულა პრინცის შემოთავაზებას იქიდანაც ჩანს, რომ "ვიდრე ოლდენბურგი დადიანის ცოლთან გაყრაზე დაყოლიებას შესძლებდა, წყვილი იძულებული იყო ანგარიში გაეწია მაშინდელი საზოგადოებისათვის და დაქორწინებამდე საიდუმლოდ სასახლის კოშკში ხვდებოდნენ ერთმანეთს". (29) სწორედ აქედან უნდა იღებდეს სათავეს "სიყვარულის კოშკის" მითიც.
     ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ტარიელმა შეურაცყო ცოლი, დაუშვა საბედისწერო შეცდომა, დახარბდა ფულს... სამეგრელოს მთავრებმა მოკვეთეს იგი... და როგორ ამბობენ, დადიანები თავისიანებს ტარიელის სახლისაკენ გახედვასაც კი უკრძალავდნენ, რომელიც ქუთაისში იდგა... ", ტარიელ დადიანის "უმსგავსო საქციელი" მაინც გამონაგონს გავს, ქალის სახელის დასაცავად მოფიქრებულს (მსგავს მომენტებს ამ ისტორიაში კიდევ წავაწყდებით.), თუმცა ეს თანხის მიღების რეალობას არ გამორიცხავს.მაგრამ, როგორც ქვემოთ დავინახავთ, დადიანების განაწყენებას ტარიელის საქციელით, უმალ პოლიტიკური სარჩული უდევს, ვიდრე ზნეობრივი მრწამსი.
     მიუხედავად მოყვანილი ვარაუდისა, იგი მაინც ვერ ჩაითვლება უცილობლად და ამას გარდა ბავშვის (ნინოს) დაბადებიდან მის გათხოვებამდე საკმაო დროა გასული და თუ ცოლ-ქმარს შორის მაშუნათვე არ მოხდა კონფლიქტი, მით უფრო საეჭვოა, რომ წლების შემდეგ მომდხარიყო. ამასთან ხომ შეიძლება ზუგლილის პოლიციის შეფი სხვა განშტოების დადიანი ყოფილიყო (ისევე, როგორც გია ჯაფარიძის ბაბუის მშობლები)? თანაც დადიანი წოდებაა და არა გვარ,  რომელიც დროთა განმავლობაში იქცა გვარად. მაშ, რამ აიძულა თავმოყვარე თავადი დათანხმებოდა გარიგებას?! შევეცადოთ საკითხს სხვა კუთხიდა შევხედოთ.
     მაშ ასე, ოლდენბურგები... ვინ არიან ისინი და როგორ მოხვდნენ საქართველოში?!
     ერთ-ერთ ცნობაში ვკითხულობთ: "ეკატერინე II დროიდან ოლდენბურგები რუსეთის იმპერიის მფარველობაში იმყოფებოდნენ. უფლისწული გიორგი ოლდენბურგი იყო დაქორწინებული ალექდსანდრე I დაზე ეკატრეინე პავლოვნაზე (ამ ქორწინებას კიდევ დავუბრუნდებით). მისი ვაჟი, უფლისწული პეტრე ოლდენბურგი ალექსანდრე II მეგობარი იყო და გენერალ-ადიუტანტის წოდება ჰქონდა. პეტრეს შვილებს, ალექსანდრესა და კონსტანტინეს (აგრაფინას ქმარს) უშუალო კავშირი ჰქონდათ კავკასიასთან, კერძოდ კი საქართველოსთან.
    ალექსანდრე და კონსტანტინე დაიბადნენ პეტერბურგის სასახლეში, რომელიც ერგო მათ მამას (პეტრეს, დავიმახსოვროთ ეს!). მათ მიიღეს ბრწყინვალე განათლება. სასახლეში ხშირად ტარდებოდა წვეულებები, სპექტაჯკლები და კონცერტები." (30)
    ეს ცნობა ჯერ კიდევ ვერ გვაძლევს წარმოდგენას ოლდენბურგთა გვარის კეთილშობილურ წარმომავლობაზე. ცნობარში ვკითხულობთ: " ოლდენბურგების დინასტია (დან. Oldenburgske slegt, გერ. Haus Oldenburg) - გერმანული წარმოშობის საგვარეულოა, რომლის განშტოებებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მეფობდნენ. ოლდენბურგთა პირდაპირი ხაზი 1448-1863 წწ. დანიაში მეფობდა, 1523 წლამდე კი დანიის უნიაში შვედეთი და ნორვეგიაც ერთიანდებოდნენ (კალმარის უნია), ხოლო 1814 წლამდე დანია-ნორვეგიის უნიას უდგნენ სათავეში.
 
ოლდენბურგების მამრობითი ხაზის შთამომავლებად შეიძლება ჩაითვალონ უკანასკნელი რომანოვები (1762-1917), შვედეთის მეფეების ჰოლშტეინ-გოტორპის დინასტია 1751-1818 წწ. , გლუქსბურგების დანიური, ნორვეგიული და ბერძნილი შტოები, ბერძნული გლუქსბურგებიდან კი მაუთენბერი-უინძორების ბრიტანული განშტოება (ელისაბედ II შვილებით დაწყებული)," (31) ანუ თითქმის მთელი მონარქიული ევროპა, ესპანეთის გამოკლებით.
    რუსეთთან კი განსაკუთრებული კავშირები გააჩნდათ. პეტრე I შემდეგ სამეფო დინასტიაში გარკვეული ვაკუუმი შეიქმნა და დინასტია ქალის ხაზით გაგრძელდა. რომანოვები კი აქტიურად ქორწინდებოდნენ ჰოლშტეინ-გოტორპის დინასიის წარმომადგენლებთან, ამიტომ რუსეთის სამეფო სახლი "რომანოვებისა და ჰოლშტეინ-გოტორპის სახლად" იწოდებოდა. (32) ხოლო ოლდენბურგის საჰერცოგო 1773 წლიდან, ეკატერინე II დროიდან მოყოლებული, რუსეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა და ჰერცოგი ოლდენბურგები რუსეთის სამეფო კარზე "მათ იმპერატორობით უმაღლესობად" იწოდებოდნენ და დინასტიურ უფლებებში რომანოვებთან იყვნენ გათანაბრებულნი. (33) (საფიქრებელია, რომ ასეთივე უფლებებს მიელტვოდნენ ქართველი მონარქები, როცა რუსეთის მფარველობის ქვეშ შედიოდნენ და თუ წინა წერილს გავიხსენებთ, არც თუ უსაფუძვლოდ. მ. შ.)
    და მაინც, რატომ იყო რუსეთის სამეფო კარი კონსტანტინე ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანის ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი მაშინ, როცა თვით ჰერცოგი პეტრე ოლდენბურგი შემწყნარებელი აღმოჩნდა და ერთგვარი გამოსავალიც კი მოძებნა მომავალი სარძლოსათვის გრაფინიას ტიტულის მინიჭებით? მიზეზი მართლაც წოდებრივად არათანაბართა  ქორწინება იყო, თუ სხვა რამ
საიდუმლოც იმალებოდა ამ ყველაფერის უკან?
    საიდუმლო კი მართლაც არსებობდა და ის პეტრე ოლდენბურგის (აგრაფინას მამამთილის) წარმომავლობას ეხება. ამ საკითხს შემდეგ წერილში დავუბრუნდებით. მართლაც რომ შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი! მაშ ასე, რა საიდუმლოს გამო იყო რუსეთის სამეფო კარი პრინც ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანის ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი? ეს საიდუმლო ეხებოდა აგრაფინას მამათილის, პეტრე ოლდენბურგის წარმომავლობას.
   1812 წლის სამამულო ომამდე ალექსანდრე I და ნაპოლეონ ბონაპარტეს შეხვედრის დროს, მეფეს არაორაზროვნად ჩამოუგდეს სიტყვა იმის თაობაზე, რომ კარგი იქნებოდა სახელმწიფოებს შორის მიღწეული შეთანხმება ოჯახური კავშირითაც განემტკიცებინათ. ნაპოლეონი ჟოზეფინასთან  გაყრას აპირებდა და საცოლედ პავლე I გამორჩეულად ჭკვიან ქალიშვილს, ალექსანდრე I უსაყვარლეს დას ეკატერინა პავლეს ასულს მოიაზრებდა. ალექსანდრე სულაც არ იყო ამ კავშირის წინააღმდეგი, მაგრამ პავლე I ქვრივმა, დედოფალმა მარია ფეოდორეს ასულმა და თვით ეკატერინამ სასტიკი უარი განაცხადეს. ეკატერინას თქმით, იგი უმალ უკანასკნელ რუს მდაბიოს გაჰყვებოდა ცოლად, ვიდრე ამ კორსიკელს. დიპლომატიური დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, ეკატერინა სასწრაფოდ დააქორწინეს მისსავე ბიძაშვილზე, ჰოლშტეინ-გოტორპის დინასტიის უმცროსი შტოს წარმომადგენელ, არაფრით გამორჩეულ ჰერცოგ გეორგ ოლდენბურგზე. თუმცა სამეფო ოჯახმა კარგად უწყოდა, რომ ახალგაზრდა კნეგინია გატაცებული იყო მასზე შეყვარებული, უკვე სახელმოხვეჭილი,
მაგრამ უიღბლო ქორწინებაში მყოფი, გენერალ პეტრე ბაგრატიონით. (34) მართალია იგი გარეგნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ უძველესი სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო. ის იესე მეფის (ალიყული-ხანი), ვახტანგ VI ძმის შვილთაშვილი იყო და ზოგიერთთა მოსაზრებით ქართლის ტახტის კანონიერი მემკვიდრეც. პაპამისი ალექსანდრე (ისააკ-ბეგი) იყო, რომელიც იესეს ერთ-ერთი უმცროსი ცოლისაგან შეეძინა. ამ მიზეზის გამო ქართველთა შორის პეტრეს ტახტის მემკვიდრეობა სადაო იყო. პეტრეს პაპამ, ალექსანდრემ თხოვნით მიმართა იმპერატრიცა ელიზავეტას და ყიზლარში დასახლდა. იქ დაიბადა პეტრეც. (35)
    მართალია ალექსანდრე I სათანადოდ არ აფასებდა ბაგრატიონს (რაც კარგად ჩანს მისი მიმოწერიდან დასთან, ან პირიქით, ზედმეტი შიშის გამო ცდილობდა მის დაკნინებას დის თვალში), მაგრამ პავლე I ეტყობა ენდობოდა მას და რომანოვების საზაფხულო რეზიდენციის დაცვა სწორედ ბაგრატიონს ჩააბარა. ასე, რომ ეკატერინა პეტრეს თვალწინ გაიზარდა და ბაგრატიონი მასზე ორჯერ უფროსი იყო. სწორედ პავლოვსკში დაუახლოვდნენ ერთმანეთს ეკატერინა და პეტრე. ასაკში სხვაობას მათთვის ხელი არ შეუშლია, მაგრამ სამეფო ოჯახი კი უკვე შეშფოთებული იყო. ამ მოვლენის გამოძახილი უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ იმპერატორმა პავლემ თითქმის ძალად დააქორწინა ბაგრატიონი ულამაზეს, მაგრამ ფუქსავატ და თავქარიან ქალზე, რომელსაც ბაგრატიონისაგან მხოლოდ ფული და ტიტული უნდოდა.ალექსანდრეც დისაგან ჩამოცილების მიზნით მუდმივად ყველაზე მძიმე ბრძოლებში აგზავნიდა მოქმედი არმიის გენერალ ბაგრატიონს.   
   ალექსანდრეს შეშფოთების სხვა მიზეზიც ქონდა. მას კარგად ახსოვდა, რომ მისი თანხმობით მოკლული მამის, იმპერატორ პავლე I უშუალო მკვლელი ქართველი ალექსანდრე იაშვილი იყო და დადიოდა ხმები, რომ იაშვილმა შური იძია იმპერატორზე საქართველოს სამეფო ტახტის გაუქმების გამო. ბაგრატიონი კი სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო და როგორც უკვე ვთქვით, ზოგიერთი მოსაზრებით ქართლ-კახეთის ტახტის პრედენდენტიც. გარდა ამისა, თუმცა ალექსანდრე ეთაყვანებოდა თავის საყვარელ დას, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ეკატერინა ძალაუფლების მოყვარული იყო და რაც მთავარია გამგებლობის ძალაც შესწევდა. აკი არსებობდა კიდეც გეგმა 1807 წელს, როცა ალექსანდრემ დიპლომატიურ და სამხედრო სარბიელზე მარცხი განიცადა, რომ მეფე ტახტისთვის ჩამოეშორებინათ და მისი და ეკატერინა III გამოეცხადებინათ. ასეთი ხასიათის ქალის გვერდით იმ გენერლის ყოფნა, რომელსაც არმია ეთაყვანებოდა, სახიფათო იყო და შესაძლოა რუსეთის ისტორიაში კიდევ ერთხელ განმეორებულიყო ის, რაც ეკატერინე II დროს მოხდა. ოღონდ ესაა, რომ ალექსანდრე არ ითვალისწინებდა ბაგრატიონის შინაგან პატიოსნებას და იმ ფაქტს, რომ ეკატერინას პატივმოყვარეობისათვის ის უფრო შემაფერხებელი იყო, ვიდრე ხელისშემწყობი. ასეა თუ ისე, ეკატერინა ჰერცოგ ოლდენბურგს გააყოლეს ცოლად და ჰერცოგი დანიშნეს გენერალ-გუბერნატორად სპეციალუტად მისთვის გამსხვილებული გუბერნიისა, რომელიც მოიცავდა ტვერის, ნოვგოროდისა და იაროსლავლის გუბერნიებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკატერინა სასახლეს მოაშორეს.
    და მაინც, სამეფო ოჯახის დიდი მცდელობის მიუხედავად, როგორც ჩანს მეფის ასულისა და ინფანტერიის გენერლის რომანი არ შეწყვეტილა. ჰერცოგი ოლდენბურგი 1812 წლის ნოემბერში ტვერის ლაზარეთის შემოვლისას ტიფით დაავადდა და 28 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ეკატერინას მისგან ორი ვაჟი დარჩა: ალექსანდრე, რომელიც 19 წლის ასაკში გარდაიცვალა და პეტრე. აღსანიშნავია, რომ პეტრე 1812 წლის აგვისტოში დაიბადა. ბაგრატიონი გარდაიცვალა 1812 წლის 12 სექტემბერს, მაგრამ 1811 წლის ოქტომბერ-დეკემბერში პეტრე შვებულებით მოსკოვში იმყოფებოდა.(36) როგორც ჩანს ამ ორ მოვლენას შორის გარკვეული კავშირი უნდა არსებობდეს, რადგან ბაგრატიონის გარდაცვალების წუთიდანვე ეკატერინას მღელვარება იპყრობს და თავის უავგუსტეს ძმას, რომელიც ბოროდინოს მარცხის შემდეგ ისედაც სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი, ვედრებით მიმართავს, რომ როგორმე მოძებნოს და დაუბრუნოს მას ბაგრატიონისადმი მიწერილი წერილები, რომელთაც მისი კომპრომეტირება შეუძლიათ. ალექსანდრე მყისიერად გამოეხმაურა დის თხოვნას და აცნობა, რომ როგორც მას სალაგოვმა (სოლოღაშვილმა) უთხრა, ბაგრატიონის ქაღალდებს ინახავდა ვინმე ქართველი ჩეკუანოვი (ჩიქოვანი) და რომ მან ეს სუბიექტი მოძებნა და თავის კაცთან ერთად გაგზავნა სიმში (სადაც პეტრე გარდაიცვალა) ბაგრატიონის ქაღალდების წამოსაღებად, მაგრამ იქ არაფერი არ აღმოჩდნა. თუმცა როგორც შემდეგ სალაგოვმა გაიხსენა, მოლდოვეთის არმიაში ყოფნისას მას თავად უნახავს, თუ როგორ დაწვა რაღაც ქაღალდები ბაგრატიონმა. ასე, რომ საყვარელ დას შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან მისი წერილები აღარ არსებობს.
    მონათხრიბიდან ჩანს, რომ პეტრე ოლდენბურგი (აგრაფინას მამამთილი) ეკატერინა რომანოვასა და პეტრე ბაგრატიონის ურთიერთობის ნაყოფი უნდა იყოს. ამასთან, მეორე ქორწინებიდან ვილგელმ ვუნტერბერგისაგან ეკატერინას ორი ქალიშვილი ყავდა. ამდენად პეტრე ოლდენბურგის სრულუფლებიანი მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეკატერინას მეორედ გათხოვების შემდეგ, ვაჟიშვილი პეტრე თან არ წაუყვანია და იგი ბებიის, ქვრივი დედოფლის მარია ფეოდორეს ასულის მეთვალყურეობის ქვეშ მოსკოვში იზრდებოდა. ჭეშმარიტად შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი!
    თავად ალექსანდრე წერს დას, რომ ჩეკუანოვი ქართველია და ბაგრატიონის წერილები მას ებარა. ვახუშტი ბაგრატიონი კი ერთის მხრივ ხაზს უსვამს, რომ "დადიანობა არ არის გვარი, გარნა წესი ხელობისა" (37), ხოლო მეორეს მხრივ აღნიშნავს "გარნა ესე ლეჩხუმი, შემდგომად განყოფისა სამეფოსათა იყო ტალანი იმერთა მეფისა და აწ უპყრავსთ ჩიქოვანს, რომელიცა არს დადიანი." (38) გაიხსენე ჩვენი პირველი წერილი, მკითხველო! მატვეევის მიერ ნაწინასწარმეტყველები პეტრე I ჩასახვის დეტალები მეფე არჩილის ქალიშვილმა დარეჯანმაც ხომ სამეგრელოს მთავრის, დადიანის ქალიშვლსა გაანდო! ე. ი. დადიანები იმთავითვე ფლობდნენ ინფორმაციას რომანოვებისა და ბაგრატიონების სისხლისმიერი კავშირების შესახებ!
    ზემოთ თქმულიდან გამომდინარე,  პეტრე ოლდენბურგის შვილები ალექსი და კონსტანტინე (აგრაფინას ქმარი) იასე მეფის ხაზით ბაგრატოვანთა ტახტის მემკვიდრეები გამოდიან. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ ტარიელ დადიანმა კოსტანტინე ოლდენბურგს  დაუთმო აგრაფინა. კიდევ ერთხელ დათმო ქართველმა კაცმა საყვარელი ქალი უავგუსტესი პერსონის წინაშე, მაგრამ ამჯერად ქართველი ბაგრატიონის (თუ ჩვენი ვარაუდი სწორია) სასარგებლოდ! სწორედ ამიტომ შეიწყნარა პეტრე ოლდენბურგმა (ეკატერინას და ბაგრატოინის შვილმა, აგრაფინას მამამთილმა) ეს ქორწინება, მაგრამ შედეგად კონსტანტინემ დაკარგა ოლდენბურგების მემკვიდრეობის უფლება. (ბუნებრივიცაა, რადგან გახმაურების გარეშე, ფარულად პეტრე ოლდენბურგმა ფაქტობრივად აღიარა თავისი ბაგრატიონობა და შვილს არჩევანის უფლება მისცა.)
    ალექსის და კონსტანტინეს წარმომავლობის შედეგი უნდა იყოს ისიც, რომ ისინი არაერთ სასიკეთო საქმეს აკეთებდნენ საქართველოში, რკინიგზის გაყვანით დაწყებული გაგრის საკურორტო ზონით დამთავრებული. კონსტანტინემ მოახერხა და მეფის ხაზინას 150 000 რუბლი გამოართვა ოქროთი ქართული პროექტების განსახორციელებლად. შესაძლოა რუსეთის სამეფო კარის მიერ გაღებული ფულადი სახსრების გამო, როგორც ერთ-ერთი მკვლევარი წერს "1904 წლის 25 თებერვალს რუსეთის მთავრობამ საზღვარი კიდევ უფრო სამხრეთით გადმოსწია. შავი ზღვის გუბერნიას შეუერთდა სოხუმის ოკრუგის ნაწილი გაგრის კლიმატური სადგურის მიმდებარე ტერიტორიებითურთ, სულ 150 ათასამდე დესეტინა - ტყეები და ალპური საძოვრები. ცხადია, საქართველოს პოლიტიკურ წრეებს პეტერბურგის ასეთი მოქმედება არ მოსწონებიათ, მაგრამ რადგანაც ტერიტორიულ-ადმინისრაციული ცვლილება რუსეთის საიმპერატორო სახლთან დაახლოვებული პიროვნების, გაგრის კლიმატური სადგურის დამაარსებელ პრინც ალექსანდრე ოლდენბურგის სურვილით მოხდა, ამიტომ ასეთი მდგომარეობა 1917 წლამდე შენარჩუნდა." (39) ამ ცნობიდან კარგად ჩანს, რომ არა მარტო რუსეთის სამეფო კარზე სარგებლობდნენ ოლდენბურგები დიდი გავლენით, არამედ ქართულ საზოგადოებაზეც და პოლიტიკური წრეები მათ უფლებებს და პოლიტიკურ შეხედულებებს ითვალისწინებდნენ.
   
ის, რომ ოლდენბურგებს ბაგრატიონთა მემკვიდრეობაზე პრეტენზია გააჩნდათ კარგად ჩანს თბილისის სასახლის ფასადზე დატანილი გერბიდანაც. კერძოდ, სასახლის ფასადზე გამოსახულია რქოსანი ცხენის გამოსახულება. " იგი ძველ საბერძნეთსა და რომში რეალურ ცხოველად მიიჩნეოდა და უბიწოებისა და სულიერი სიწმინდის სიმბოლოს განასახიერებდა. ბერძნულ მითოლოგიაში რქოსანი ცხენი ქალწულ ღვთაებას არტემიდას კუთვნილებაა. ლეგენდის თანახმად, თეთრი ცხენი მოუხელთებელია, მისი დამორჩილება მხოლოდ ქალწულს შეუძლია და ისიც ოქროს ჯაჭვით უნდა დააბას. რქოსანი ცხენი დახატული ყავს რაფაელო სანტის; იგი გამოსახულია შოტლანდიის, კანადის, ინგლისის გერბებზე; აღბეჭდილია ივანე მრისხანეს ტახტზე. იგი ასევე ფიგურირებს შუვალოვების, კუდრიავცევების, რომანოვსკების და რუსიშვილების საგვარეულო გერბებზე." (40) და თითქოს არაფერია ისეთი, თუ ოლდენბურგიც მიემატებოდა ამ ჩამონათვალს, თუ არა იოანე ბატონიშვილის ცნობა, რომელიც დავით IV აღმაშენებლის გერბის შესახებ გვატყობინებს: "ღერბსა ამასა მეფემან შესძინეს ცხენი რქოსანი, რომელიც მოიპოვა თვით მეფემან, მიმავალმა მარტოდ ტფილისიდან ქუთაისს საშენებლად... იხილა მცხეთის იწროთა ადგილას ცხენი ესე რქოსანი, დაუძახა მეფემან... აღუდვა ლაგამი წმიდის გიორგის ცხენისა... ცხენი იგი ესრეთ იყო მკვირცხლ და მალი, რომელ ერთ დღეს მივიდის ტფილისიდგან ქუთაისს და მუნითგან ქართლს და ქართლითგან კახეთს." (41) ეს ჯერ კიდევ XI საუკუნეა, ყველა
დანარჩენი (ელინური ეპოქის გარდა), შემდგომში იქნება. კონსტანტინე ოლდენბურგს არ შეეძლო თბილისის სასახლეზე გამოესახა არც რომანოვების, არც ოლდენბურგების (რადგან მემკვიდრეობაზე უფლება ჩამოერთვა) და როგორც რუსეთი იმპერატორის ქვეშევრდომს, არც ბაგრატიონების გერბი, რამე თუ რუსთა ხელმწიფის ტიტულატურაში ივერთა ქვეყანა რუსეთის სამფლობელოდ მოიხსენიებოდა და რუსეთის გერბზე ბაგრატოვანთა გერბიც იყო გამოსახული. ამიტომაც აირჩია დავითისეული გერბის სიმბოლო (ჩვენის აზრით, რა თქმა უნდა.). ხოლო რაც შეეხება დადიანების გერბს, საფიქრებელია, რომ ვინმე ჩიქოვანის, რომელსაც პეტრე ბაგრატიონის ქაღალდები ებარა (ეკატერინა თითქმის დარწმუნებულია ძმასთან მიმოწერაში, რომ თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ბაგრატიონი მის წერილებს არ გაანადსგურებდა), დამსახურების და ერთგულების მიზეზით უნდა აღმოჩენილიყო ოლდენბურგების სასახლის ფასადზე. ტარიელ დადიანის საქციელიც პირველ რიგში იასე მეფის შთამომავლების წინაშე ქვეშევრდომობის აღიარებას უნდა მოასწავებდეს, რასაც სრულიადაც არ იზიარებდა ქართველი თავად-აზნაურობის უდიდესი ნაწილი და დადიანებს შორის განხეთქილებაც და ტარიელის მოკვეთა გვარისაგან, ამით უნდა იყოს ნაკარნახევი.
    აგრაფინასა და კონსტანტინეს ექვსი შვილი შეეძინათ. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ, როცა ალბათ უკვე ცხადი გახდა მოსალოდნელი საფრთხე, კონსტანტინე ოლდენბურგმა შვილებიანად დატოვა საქართველო და ევროპაში გაემგზავრა. სამწუხაროდ 1906 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა ნიცაში. რომანოვებმა კონსტანტინე ჩამოასვენეს და მოსკობვში დაკრძალეს. ის, რომ ქართული საზოგადოება (და მაშასადამე აფხაზურიც) ოლდენბურგებს განსაკუთრებულ პატივს ცემდა იქიდანაც ჩანს, რომ გამგზავრების წინ (გაგრაში იმყოფებოდნენ), ნესტორ ლაკობამ ფაეტონები გამოუგზავნათ.
 
თავისთავად იბადება კითხვა: - რატომ არ გაჰყვა აგრაფინა ოჯახს საზღვარგარეთ? საქმე იმაშია, რომ ოლდენბურგების უმცროსი ქალიშვილი ავადმყოფი ბავშვი იყო და კისლოვოდსკის სულით ავადმყოფთა პანსიონში მკურნალობდა. საფიქრებელია, რომ აგრაფინამ შვილი ვერ მიატოვა. (42)
     გადმოცემის მიხედვით, თბილისის სასახლის სახურავზე ხშირად ხედავდნენ ახალგაზრდა ქალს, ან ესმოდათ სხვადასხვა ხმები და მოულოდნელი კისკისი.. გამორიცხული არ არის, რომ კისლოვოდსკიდან შვილი თან ჩამოეყვანა აგრაფინას. ამ ფონზე არც ის მოსჩანს შემთხვევითად, რომ თბილისის სასახლეში სოციალისტებმა ჯერ სულით ავადმყოფთა საავადმყოფო, შემდეგ კი ყრუ-მუნჯთა სახლი მოაწყვეს. მათთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი ამ ოჯახის ტრაგიკული ისტორია, მით უმეტეს, რომ მთელ ამ პროცესს წინააღმდეგობრივი პიროვნება ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა (ყოველ შემთხვევაში, ყრუ-მუნჯთა სახლი მისი მონდომებით შეიქმნა. და ყავდა ყრუ-მუნჯი). შესაძლოა გარკვეულ დრომდე ის, ვინც თბილისელებს მოჩვენება ეგონათ, სულაც არ იყო მოჩვენება. ნინა 1922 წელს გარდაიცვალა. ოფიგიალური ცნობით კისლოვოდსკში.
    აგრაფინა 1927 წელს გარდაიცვალა უკიდურეს სიღატაკეში ქუთაისში, ოლდენბურგების შამპანურის ქარხნის სარდაფში.
    ჭეშმარიტად, შეუცნობელნი არიან გზანი, უფლისანი!

 -----------

1.ს. გველესიანი. "ვინ გადაუხადა მილიონი ოქრო თავად დადიანს მის ცოლთან ერთი ღამის გატარებაში" ჟურ. "თბილისელები". 21.07.2010.  http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=4880&rubr_id=27&jurn_id=26
2. ვ. გურული. "იყო თუ არა პეტრე პირველი ქართველი და იცოდა თუ არა მან, რომ იგი კახელი ბატონიშვილის უკანონო ძე იყო." http://iberiana.wordpress.com/iberiana/petre/
3. ნ. ნაკაშიძე. "პეტრე პირველი" თბ. "ნაკადული". 1975. გვ.5
4. იქვე. გვ.6.
5. ვ. გურული. დასახელებული სტატია.
6. ვლ. ტატიშვილი. "ქართველები მოსკოვში". თბ. "საბჭოთა საქართველო". 1959. გვ. 154-159.
7.ნ. ნაკაშიძე. "პეტრე პირველი" თბ. "ნაკადული". 1975. გვ.4-5.
8. ვ. გურული. დასახელებული სტატია.
9. ნ. ნაკაშიძე. დასახელებული ნაშრომი. გვ.6
10. იქვე. გვ.6.
11. ვლ. ტატიშვილი. დასახელებული ნაშრომი.
12. ვ. გურული. დასახელებული სტატია.
13. ნ. ნაკაშიძე. დასახელებული ნაშრომი. გვ.61.
14. იქვე. გვ.1.
15. ვ. გურული. დასახელებული სტატია.
16.О. Чеславский. "Царь Петр Первый не был русским." http://inosmi.ru/social/20160205/235301810.html
17. Матешвили. «Принц Олденбургский и графиня Зарнекау». Жур.: «Самиздат». https://sites.google.com/site/mateshvili17/
18.Матешвили. დასახელებული სტატია.
19. ა) იქვე.
    ბ) ს. გველესიანი. "ვინ გადაუხადა მილიონი ოქრო თავად დადიანს მის ცოლთან ერთი ღამის გატარებაში" ჟურ. "თბილისელები". 21.07.2010.  http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=4880&rubr_id=27&jurn_id=26
20. Матешвили. დასახელებული სტატია.
21. ს. გველესიანი. დასახელებული სტატია.
22. ს. გველესიანი. დასახელებული სტატია.
23. ირმა ხარშილაძე "ყველა სასახლე". http://www.art-ateuli.ge/artbase/new.php?lang=geo&uin=674  11.02.2011
24. Матешвили. დასახელებული სტატია.
25. ვალერიან მარდალეიშვილი. "გურული მხედრების ბედი და გერმანელი პრინცის სიყვარულის ამბავი". გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა". 2010-07-24.http://www.opentext.ge/index.php?m=12&y=2010&art=16601
26. თეა თავბერიძე. სიყვარულის სასახლის მოჩვენებები.http://www.ptpress.ge/index.php?option=com_content&view=article&id=192:2010-07-15-08-36-33
27. Матешвили. დასახელებული სტატია.
28.ს. გველესიანი. დასახელებული სტატია.
29. ეკა ლომიძე. "ერთი ღამის ოთახი ანუ სიყვარულის სასახლის ისტორია" . ჟურ. "კვირის პალიტრა". 10.02.2011 http://old.kvirispalitra.ge/archive/2009/21-2009/htm/saxeebi.htm
30. К. Бараташвили. «Дворец Искусства». Жур.: «Русский Клуб». №3 . 2010. http://eventlenta.wordpress.com/2010/04/03/sakartvelos-teatris-kinos-da-koreografiis-sxelmts-muzeumi/
31.www.  wykipedia
32. Балязин В. Н. «Тайны дома Романовых».
33. იქვე. გვ. 215.34. ВЕЛИКАЯ КНЯГИНЯ ЕКАТЕРИНА ПАВЛОВНА, КОРОЛЕВА ВЮРТЕМБЕРГА (1788-1819). www.rok-stuttgart.de/v3/ru/menu.../68--1788-1819.ht... -
 35. Евгений Анисимов. Генерал Багратион. Жизнь и война. http://lib.rus.ec/b/345654/read - t2
 36. Евгений Анисимов. დასახელებული ნაშრომი.
  37. მაისურაძე ი. "ქართული გვარსახელები". თბ. "საქინფორმკინო". 1990. გვ. 52
  38. იქვე. გვ. 201.
  39. კილაძე ს. "მასალები საქართველოს ისტორიისათვის. ვინ გადასცა სოჭის ოლქი რუსეთს." http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:zV_G2DCPiXQJ:www.am...კონსტანტინე+ოლდენბურგი,&cd=26&hl=ka
   40. კალანდია გ. "სიყვარულის სასახლე". ჟურ. "Art Palace”. http://samepo.ge/?p=391    11.02.2011
   41. კალანდია გ. დასახელებული სტატია.
   42. Матешвили. დასახელებული სტატია.

Комментариев нет:

Отправить комментарий