(დაგვიანებული რეცენზია)
არიან მწერლები, რომლებიც მხოლოდ ერთი წიგნის
შესაქმნელად იბადებიან. შორს რომ არ წავიდეთ, მარტო ჩვენი ჭაბუა ამირეჯიბი და მისი
„დათა თუთაშხია“ კმარა ამის მაგალითად და არიან მსახიობები, რომლებიც ერთადერთი როლით
ამახსოვრდებიან მაყურებელსა და თეატრალურ წრეებს. სწორედ ასეთი მსახიობი იყო გიგა
დონდუა. მის მიერ შესრულებული ბურდღუს როლი კ. ბუაჩიძის „მკაცრ ქალიშვილებში“ არის
ის როლი, რომლითაც თავი სამუდამოდ დაამახსოვრა XX-XXI
საუკუნეების მიჯნაზე ქართული თეატრის მაყურებელს.
გოგი ქავთარაძის მიერ დადგმულ სპექტაკლს, სადაც
გიგა დონდუა ბურდღუს ანსახიერებდა, ცოტა უცნაური ისტორია აქვს. არსებითად იგი
სტუდენტურ, საკურსო სპექტაკლს წარმოადგენდა.
თქვენი მონა მორჩილი, ჯერ კიდევ სარეჟისორო ჯგუფის
სტუდენტი ვიყავი, მაგრამ გოგი ქავთარაძესთან უკვე ხანგრძლივი შემოქმედებითი
თანამშრომლობა მაკავშირებდა. მის მიერ იმ პერიოდში დადგმული სპექტაკლების
უმეტესობის ლიტერატურული თავწყაროს სცენიური ვარიანტების ავტორი გახლდით.
ერთ დღეს გოგისთან სტუდენტების ჯგუფი მოვიდა და
თხოვა მათი პედაგოგი გამხდარიყო. გოგი ცოტა თავშეკავებულად შეხვდა ამ ამბავს,
რადგან სტუდენტების პედაგოგი მისი უფროსი კოლეგა ასიკო გამსახურდია იყო. აქვე
მინდა აღვნიშნო, რომ შემდგომშიაც არაერთხელ მომიწია ბ-ონი ასიკოს მიერ აღზრდილ სტუდენტებთან
მუშაობამ და ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, რადგან თითოეულმა მათგანმა
ზედმიწევნით კარგად იცოდა თუ რა იყო „მოვლენა“, „შეფასება“, „პაუზა“, „ტექსტის
განაწილება“ და სამსახიობო ოსტატობის ბევრი სხვა ატრიბუტი. მიუხედავად ამისა,
რატომღაც სტუდენტები ხშირად ტოვებდნენ ბ-ონი ასიკოს ჯგუფს და სხვა პედაგოგებთან გადადიოდნენ.
ასე მოხდა ამჯერადაც. თვით ბ-ონ ასიკოსთან და თეატრალური უნივერსიტეტის იმჟამინდელ
რექტორთან, - გიზო ჟორდანიასთან შეთანხმების შემდეგ, გოგი დათანხმდა მათი პედაგოგი
გამხდარიყო და მესამე კურსზე დასადგმელად ა. ჩეხოვის „სამ დას“ მოკიდა ხელი.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მომიწია სცენიური ვარიანტის დამუშავებამ. ამას გარდა,
სტუდენტების ამ ჯგუფთან, როგორც რეჟისორის ასისტენტი ისეც შევდიოდი, რა თქმა უნდა,
ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, რადგან მიმაჩნდა, რომ მეც ბევრს ვსწავლობდი ამ
პროცესში. საერთოდაც, გარდა თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგებისა, რეჟისორად
ჩემს ჩამოყალიბებაში გოგი ქავთარაძესთან გატარებულ იმ წლებსაც დიდი წვლილი
მიუძღვის და დღემდე მადლიერი ვარ ამის
გამო მისი. თუმცა მოგვიანებით, როცა უნივერსიტეტებში სწავლების სისტემა შეიცვალა,
სანანებელი გამიხდა ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში პედაგოგად ოფიციალურად არ ვიყავი
გაფორმებული, რამაც საბოლოოდ გამოიწვია კიდეც ჩემს მიერ თეატრალური უნივერსიტეტის
დატოვება.
დავუბრუნდეთ სტუდენტების ისტორიას... ერთ დღეს
ბავშვები მაშინდელი მეორე კორპუსის (ახმეტელის სახელობის აუდიტორიის მხარეს)
კიბეებზე შემხვდნენ და მთხოვეს დამეყოლიებინა გოგი, რომ მასალა შეეცვალა. ისინი
როგორღაც გულს ვერ უდებდნენ ჩეხოვის ტექსტს. გოგი ჩაფიქრდა, რა ავიღოთო, - მკითხა.
სწორედ იმხანად ვკითხულობდი კიტა ბუაჩიძის პიესებს და საწერ მაგიდაზე მედო. - კიტა
ბუაჩიძეს ხომ არ დადგამდი-მეთქი, გაუბედავად ვკითხე. დაუფიქრებლად მიპასუხა, -
მაშინ „მკაცრი ქალიშვილები“ უნდა დავდგაო. გამეხარდა, - გიშველა ღმერთმა, ხვალვე
მოგიტან პიესას-მეთქი (ჩემს წიგნს დღესაც ატყვია გოგის ხელით გაკეთებული
კომენტარები). მართლაც მოვუტანე. წაიკითხა და მითხრა, რაღაც „ძველმოდური“
მეჩვენებაო. მე კი დაბეჯითებით ვუმტკიცებდი, - ჯობს სწორედ ასე დაიდგას, ვაჩვენოთ
როგორები იყვნენ ჩვენი ბებიები და ბაბუები, რაზე ფიქრობდნენ და რაზე
ოცნებობდნენ-მეთქი. გოგი დამეთანხმა და დამავალა იმ დროის პრესაში მომეძიებინა იმ
პერიოდის ცხოვრებისეული ფაქტები.
დავუძახეთ სტუდენტებს და ჩვენი გადაწყვეტილება გავაცანით, მაგრამ გოგიმ
წინასწარ გააფრთხილა ისინი, რომ სადიპლომოდ მაინც ჩეხოვს ითამაშებდნენ. ბავშვები
გახარებულები იყვნენ და ენთუზიაზმით დაეთანხმნენ ყველაფერზე.
მე, რა თქმა უნდა, მოვძებნე საჭირო მასალა იმ
პერიოდის პრესაში, რაც გოგიმ სპექტაკლში ოსტატურად გამოიყენა და როცა სპექტაკლი
იწყებოდა, მაყურებლისათვის გასაგები ხდებოდა, რომ ჩვენ მათ ჩვენი უახლოესი
წინაპრების ცხოვრების შესახებ ვუამბობდით. ეს ფორმა სავსებით ამართლებდა ტექსტის
ე. წ. „ძველმოდურობას“ და მაყურებელიც სიამოვნებით ღებულობდა მას. მოძიებული მასალის
სრულად გამოსაყენებლად და იმდროინდელი ატმოსფეროს შესაქმნელად გოგიმ სპექტაკლში
დამატებითი პერსონაჟი, - ნომენკლატურული მუშაკი (მსახიობი ლაშა რამიშვილი)
შემოიყვანა. მისი გამოჩენა ერთგვარად მიანიშნებდა იმ „ნახევრად გასამხედროებულ“
მდგომარეობაზე, რომელიც იმ პერიოდში ქვეყანაში სუფევდა. ამდენად, მიუხედავად
კომედიური ჟანრისა, ემოციურ დონეზე სპექტაკლი ერთგვარ ინფორმაციულ ხასიათსაც
ატარებდა.
სტუდენტების რაოდენობა ხელს არ გვიწყობდა ყველა
როლი გაგვენაწილებინა, ამიტომაც გოჩა კაპანაძის ჯგუფიდან დავიხმარეთ რტამდენიმე
სტუდენტი, კერძოდ: არაჩვეულებრივად ასრულებდა ივანეს, ნაპოლეონის მამის, როლს კახა
სამუშია. გარდა იმისა, რომ გრიმის წყალობით მისი ცნობა შეუძლებელი იყო, მის მიერ
შვილისთვის საყვედურით ნათქვამი სიტყვები, - „შე პუჭუჭიე ჭინჭილეიშვილო!“, -
მოარულ ფრაზად იქცა თეატრალურ უნივერსიტეტში. საერთოდაც, გოგი ყოველთვის იხსენებდა
დიდ მსახიობს შალვა ღამბაშიძეს და აღნიშნავდა: - ჩვენ რაღაც დიდი ასაკის კაცი
გვეგონა ეს კაცი, არა და სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა. არ უნდა ეშინოდეს მსახიობს
თავისზე უფროსი გმირის განსახიერებისო და თამამად მიანდო 25-ოდე წლის ბიჭს 80 წლის
მოხუცის როლი. არც შემცდარა! როცა კახა სცენაზე შემოდიოდა, იმთავითვე იწვევდა
ღიმილს მაყურებელში.
გოჩა კაპანაძის ჯგუფიდან იყო ჯიმშერის როლის
შემსრულებელი დათო ველიჯანაშვილიც. მსახიობისათვის ზედმეტი დაძაბულობა რომ
მოეხსნა, გოგიმ ჯიმშერი სვანეთის შვილად გამოიყვანა და მოარგო კომედიურ ჟანრს.
კაპანაძის ჯგუფიდან იყო ასევე გულიკოს პროფესორი
მამის, ჩვენს სპექტაკლში დედის, როლის შემსრულებელი ნინო ბაქანიძე. პატარა, ეპიზოდურ
როლში ის ახერხებდა ამპარტავანი პროფესორის სახე შეექმნა.
გოგის სტუდენტები მეგობრობდნენ სხვა ჯგუფების
სტუდენტებთან, განსაკუთრებით გოჩა კაპანაძის და გოგისავე სხვადასხვა წლების
ჯგუფებთან. ჩვენ ხშირად ვიყენებდით ამ სტუდენტებს ჩვენს სპექტაკლებში, მაგრამ უმთავრესი
მაინც ჩვენი სტუდენტების გაწვრთნა და აღზრდა იყო.
პირველი ამოცანა მთავარი როლის, ნაპოლეონის
შემსრულებლის შერჩევა იყო და აქ გოგი კონტრასტის გზით წავიდა. მან ლირიული გმირის
ნაცვლად, ნაპოლეონის შემსრულებლად მოუხეშავი გარეგნობის, „ძალად მოპოეტო“
პიროვნება შეარჩია, რითაც სრულად დაიცვა კომედიური ჟანრის კანონი. ნაპოლეონს
არაჩვეულებრივად ასრულებდა ზვიად დოლიძე. მაყურებელს ეჭვი არ ეპარებოდა მის
ვაჟკაცობასა და რომანტიკულობაში.
როლები სტუდენტების მონაცემების შესაბამისად იყო
განაწილებული. გულიკოს, თენგიზის და შოთას როლებიც მორგებული იყო სტუდენტების
მონაცენებს.
მუზას როლიც კონტრასტული პრინციპით იყო აგებული.
მუზას როლის შემსრულებელი ლიკა ოყროშიძის სცენაზე გამოჩენისთანავე მაყურებელი
ხვდებოდა, რომ „ძალად ლამაზმანთან“ ქონდა საქმე და მისი ყოველი საქციელი დარბაზში
სიცილს იწვევდა.
ფოსინეს როლს თეონა თავაძე ასრულებდა. თბილისელ
მსახიობს ქალაქელობას ვერაფრით შეატყობდით, როცა ის იმერული სოფლის კილოზე
ატატყანდებოდა. ფოსინეს გმირში ყველაზე უფრო კარგად ვლინდებოდა ჩვენი
გადაწყვეტილების სისწორე, რომ არ შეგვეცვალა ავტორისეული, ე. წ. „ძველმოდური“
ტექსტი. გმირის გულწრფელობას და მეამიტობას რომანტიკული ხაზი შემოფქონდა
წარმოდგენაში.
![]() |
მუზა- ლიკა ოყროშიძე. ბურდღუ- გიგა დონდუა |
და მაინც, მიუხედავად
როლების წარმატებული განაწილებისა, თვალშისაცემი იყო ბურდღუს როლის შემსრულებელი
გიგა დონდუა, რადგან მას არ სჭირდებოდა არავითარი კონტრასტის პრინციპის
გამოყენება, ის ბუნებრივად იყო სახასიათო, წმინდად კომიკური ჟანრის მსახიობი.
ოდნავ კუთხური დიალექტი მის ამ მონაცემს კიდევ უფრო ამძაფრებდა. გიგა დონდუა ისე
გრძნობდა თავს კომედიური ჟანრის ამ
პიესაში, როგორც თევზი წყალში და ხშირად მიმართავდა იმპროვიზაციასაც, რაც
მაყურებელში ჰომერულ სიცილს იწვევდა.
სპექტაკლისთვის დამახასიათებელი იყო ანსამბლურობა,
რაც ასე რთული მისაღწევია არა თუ სტუდენტურ, არეამედ პროფესიულ სცენაზეც.
საერთოდაც, ეს ჯგუფი გამოირჩეოდა თავისი ანსამბლურობით და დასანანია, რომ მათი
ერთობლივი მოღვაწეობა აღარ გაგრძელდა.
გოგი იმხანად გრიბოედოვის სახელობის რუსული
დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და მისთვის სირთულეს არ
წარმოადგენდა სპექტაკლი პროფესიონალი მხატვრისათვის გაეფორმებინა, მაგრამ ის სულ
სხვანაირად უყურებდა სტუდენტურ სპექტაკლებს და მიაჩნდა, რომ სტუდენტური სპექტაკლი
სტუდენტ თეატრის მხატვარს უნდა გაეფორმებინა. ასე მოხვდა ჩვენთან თეატრალური
უნივერსიტეტის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოს სტუდენტი ეკა
სოლოღაშვილი და მან ბრწყინვალედ გაართვა თავი სპექტაკლის გაფორმების ამოცანას.
სცენაზე ხან თბილისური ეზო იყო, ხან გასული საუკუნის 40-იანი წლების ავეჯით
გადატვირთული ოთახი. მხატვარი ამას მწირი საშუალებებით ახერხებდა. კოსტუმებიც
მკვეთრად მიანიშნებდა პიესით განსაზღვრულ მოქმედების დროზე, ეს კი სრულიად
შეესაბამებოდა ჩვენს გადაწყვეტილებას, - გვეჩვენებინა ჩვენი ბებიებისა და ბაბუების
ცხოვრება.
შემდგომში ეკა სოლოღაშვილმა თამრიკო გრძელიძესთან
ერთად ჩვენთან თანამშრომლობით შესანიშნავად გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი, მათ
შორის
უ.
შექსპირის „ჰამლეტი“, რომლის ვერსიის ავტორიც გახლდით და რომლის დადგმისთვისათ
გოგიმ სახელმწიფო პრემია მიიღო. გოგის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას შესწევდა
უნარი შემოეკრიბა ახალგაზრდები და ენთუზიაზმით განემსჭვალა ისინი. ასეთი
ენთუზიაზმით ვიმუშავეთ რამდენიმე დადგმაზე სრულიად შეუფერებელ ატმოსფეროში, როცა
არ იყო არც შუქი და როცა სცენაზე გვაწვიმდა.
„მკაცრი ქალიშვილების“ მუსიკალური გამფორმებელი
თავად გოგი იყო. კარგად მახსოვს როგორ იჯდა საათობით რადიოკომიტეტში და იმ
პერიოდის მუსიკას ეძებდა. საბოლოოდ სპექტაკლის მუსიკალური ქარგა ძალზე ემოციური
გამოვიდა და კომედიისათვის დამახასიათებელი სიცილის გვერდით სცენაზე ფაქიზი
სენტიმენტალიზმიც თანაცხოვრობდა.
პრემიერის დღეს დარბაზში ჩემი პატარა ძმისშვილიც
იჯდა. სპექტაკლის დაწყების წინ დედაჩემმა ყვავილების თაიგული მიაწოდა და უთხრა, -
დამთავრებისას მამიდაშენს მიართვიო. ბავშვმა დაბნეულად შემომხედა. გამეღიმა, -
არა, მამიდა, ვინც მოგეწონება, იმას მიუტანე-მეთქი, ვუთხარი. სპექტაკლის შემდეგ
შევამჩნიე, რომ ეს თაიგული გიგა დონდუას ხელში აღმოჩნდა. გიგა გახარებული იყო, რომ
პატარა გოგონამ სწორედ ის აირჩია. ბავშვები არასოდეს ცდებიან!
სპექტაკლს პირველივე დღიდან ხვდა წარმატება. ის ჯერ
თეატრალურ უნივერსიტეტში იდგმებოდა, შემდეგ რუსთავის დრამატულ თეატრში და ბოლოს
სარდაფში რუსთაველზე. დარბაზები მუდამ სავსე იყო და მოდიოდნენ ახალგაზრდები,
რომლებმაც თითქმის ზეპირად იცოდნენ სპექტაკლი.
ბურდღუს როლის შემსრულებლის, გიგა დონდუას
პოპულარობა ახალგაზრდებში პიკს აღწევდა. ერთ დღეს გოგი და გიგა თეატრალური
უნივერსიტეტის პირდაპირ მდებარე კაფეში ისხდნენ. გოგი რაღაცას უხსნიდა მსახიობს.
მეზობელი მაგიდიდან გოგონა წამოდგა, ფურცლითა და კალმისტრით ხელში მათ მაგიდასთან
მივიდა და მოკრძალებით ავტოგრაფი ითხოვა. - კი, გენაცვალე! - უპასუხა გოგიმ და
სათვალე მოირგო, მაგრამ პედაგოგის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გოგონამ
ფურცელი და საწერკალამი გიგას გაუწოდა. გიგამ ავტოგრაფი მოხაზე და პედაგოგთან
უხერხულ მდგომარეობას რომ არიდებოდა გოგონას უთხრა, - ეს ბატონი გოგი ქავთარაძეა,
რეჟისორი და მსახიობი! - მაშინ თქვენც მომიწერეთ ხელიო, - ითხოვა ქალიშვილმა.
შემდგომში დიდი ხალისით იხსენებდნენ ამ ეპიზოდს სტუდენტი და პედაგოგი.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მსახიობებს ბეზრდებათ
სპექტაკლები, რომლებსაც წლებია თამაშობენ. ეჩვენებათ, რომ ისინი შემოქმედებითად
უკვე აღარაფრის მომცემნი აღარ არიან მათთვის. სულო ცოდვილო და მეც მიფიქრია თავის
დროზე ამ სპექტაკლზე ასეთი რამ, თუმცა დღეს, როცა ის რეპერტუარში აღარ არის,
ხშირად მომნატრებია და მინანია, რომ აღარ შემიძლია მისი ნახვა.
სპექტაკლმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა
შემადგენლობა გამოიცვალა, მაგრამ ძირითადი შემსრულებლები (ნაპოლეონი, ივანე, -
ნაპოლეონის მამა, ფოსინე, ბურდღუ, მუზა) იგივენი რჩებოდნენ, რაც გამართულ
რეჟისურასთან ერთად განაპირობებდა სპექტაკლის მხატვრული სხეულის შეკრულობას
ხანგრძლივი დროით.
ეს დაგვიანებული რეცენზია იმ უბედურ შემთხვევას
მოჰყვა შედეგად, რამაც იმსხვერპლა ამ სპექტაკლის სული და გული, მსახიობი, რომელმაც
მაყურებელს ერთადერთი როლით დაამახსოვრა თავი. ტროტუარზე მდგომ გიგა დონდუას
მანქანა დაეჯახა და ეს დაჯახება საბედისწერო აღმოჩნდა. სულ ველოდებოდი, რომ რამე
საინტერესო სახეს კიდევ შექმნიდა, მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად ინება.
ვუმზერდი ჭირისუფლად მდგომ გოგის და ვხედავდი, რომ
მწუხარებას შინაგანად გაეტეხა, მან ხომ ერთდროულად დაკარგა საუკეთესო სტუდენტი და
ოჯახის წევრი, შვილობილის მეუღლე.
როცა სპექტაკლი რუსთავის დრამატულ თეატრში
გადავიტანეთ, გოგი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მე უკვე წინასადიპლომო
სპექტაკლის დადგმა მიწევდა, როგორც სარეჟისორო ჯგუფის სტუდენტს. გოგიმ შემომთავაზა
და რუსთავის თეატრში ვდგამდი სოფოკლეს „ოიდიპოს მეფეს“ (სამწუხაროდ სპექტაკლი არ
შესდგა სხვადასხვა მიზეზთა გამო). კოსტუმების მხატვრად მყავდა გოგის შვილობილი,
თამუნა ლომიძე, რომელსაც რამდენიმე სპექტაკლი უკვე გაფორმებული ქონდა. გიგა
დონდუა, გარდა იმისა, რომ მსახიობი იყო, საჭიროების შემთხვევაში გოგის მანქანასაც
მართავდა. გოგი ყოველთვის ცდილობდა რეჟისორიები მსახიობებში არ ათქვეფილიყვნენ და
ამით მათი ღირსება არ დაცემულიყო მსახიობების თვალში. ამიტომაც ხშირად მივყავდით
მანქანით გიგას. როცა სცენაზე ჩემი რეპეტიციები მიდიოდა, ცოტა მიკვირდა, რომ
თამუნა მაშინაც მოდიოდა თეატრში, როცა თითქოს საქმე არაფერი უნდა ჰქონოდა. ქალურმა
ალღომ მიკარნახა, რომ მას გული ვიღაცის სანახავად მოუჩქაროდა. ასეც აღმოჩნდა!
მაგრამ გიგას ვაჟკაცობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე საიდუმლოდ შეინახა
ახალგაზრდული გრძნობის აღტყინება და მხოლოდ მაშინ შევიტყვეთ მათი სიყვარულის
ამბავი, როცა უკვე ყველაფერი დასრულებული იყო და ახალგაზრდები შეუღლებულნი
გახლდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სპექტაკლი კომედია
იყო, მაყურებელი დარბაზს თვალცრემლიანი ტოვებდა. სპექტაკლის ფინალში მაყურებელი
გებულობდა, რომ ფრონტზე დაღუპული მეგობრების სანაცვლოდ ერთ-ერთმა პერსონაჟმა, -
თენგიზმა, საკუთარ შვილებს მათი სახელები დაარქვა. სპექტაკლი მთავრდებოდა
სიტყვებით: - „მას ჰყავს სამი ვაჟი: ირაკლი, ბურდღუ და ჯიმშერი!“
გიგასაც სამი შვილი დარჩა. დე, ღმერთმა მისი
დანაკლისი დღეები მის შვილებს შემატოს! ეჭვი არ მეპარება, რომ გიგას მეგობრები
უყურადღებოდ არ მიატოვებენ მათ. მის მეუღლეს გამძლეობას ვუსურვებ, წინ დედიობის,
დედაკაცობის მძიმე ტვირთი უძევს.ღმერთმა შეაძლებინოს ამ ტვირთის ზიდვა!
იმედი მაქვს, გოგის სტუდენტები გოგისთან ერთად
გიგას ხსოვნის პატივსაცემად შეძლებენ კიდევ ერთხელ გაერთიანებას და გიგას ხსოვნის
შესაფერისი სპექტაკლის დადგმას. მოვუწოდებ თეატრებს, ხელი შეუწყონ მათ ამ სპეტაკი
საქმის აღსრულებაში.
ქაშვეთის ტაძრიდან ცხედრის გამოსვენებისას
მოკრძალებული ტაში გაისმა მსახიობის პატივსაცემად. ეს მოკრძალება „მცირე
დამსახურებას“ მოასწავებდა, მაგრამ არიან მსახიობები, რომლებიც ერთი როლითაც
ამახსოვრდებიან მაყურებელს და ამ ერთ როლისთვის ღირს სიცოცხლე!